21/03/2017
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ამბავმა უნიჭიერესი 88 წლის ბებოს, ელენე ლუხუტაშვილის შესახებ გულგრილი ვერ დაგვტოვა და მის გასაცნობად თელავში გავეშურეთ. ასოციაცია „დროას“ სურვილი გაუჩნდა ქალბატონი ელენესთვის, ნახატებისთვის საჭირო მასალებით უზრუნველყოფა და ფულადი დახმარება გაეწია. ბევრი გვსმენოდა იმის შესახებ თუ რაოდენ ლამაზ ნამუშევრებს ქმნის კენჭებითა და წებო ცემენტით, ყოველგვარი საღებავებისა და გუაშების გარეშე. თუმცა ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ამ ნიჭიერი ქალბატონის უკან საოცრად თბილი და სტუმართმოყვარე ელიკო ბაბო დგას, რომელმაც ძალიან თბილი შეხვედრა მოგვიწყო. ჩასვლისთანავე, სიხარულით გაგვიღო სახელოსნოს კარი და თითოეული სურათის შექმნის ისტორია მოგვიყვა. თან დეტალურად გვიხსნიდა, თუ როგორ ქმნის კენჭებისგან და ნაგავსაყრელზე ნაპოვნი ძველი ჭურჭლისგან, შესანიშნავ ნამუშევრებს, თან გამუდმებით იმეორებდა:
„-ჩემო კარგებო, ამ ყველაფერს იმიტომ გიყვებით, რომ მინდა მომავალმა თაობამაც ისწავლოს ჩემი ხელობა. მე რომ აღარ ვიქნები, ვინმემ ხომ უნდა გააგრძელოს ეს საქმე. ამიტომ, ყველას ვასწავლი“.- ღიმილით გვეუბნებოდა ამ სიტყვებს და გვიყვებოდა იმის შესახებ თუ როგორ აღმოაჩინა ერთი შეხედვით გამოუსადეგარი ნივთების იდუმალი ტალანტი:
„-იცით, ბავშვობაში ჩვენს ოჯახს სიღარიბე აწუხებდა. დედას არ ჰქონდა იმის საშუალება რომ ჩემთვის საღებავები და ფუნჯები ეყიდა, მე კი ხატვა მინდოდა ძალიან. ვხვდებოდი, რომ ამისთვის ვიყავი დაბადებული და ვცდილობდი, რამე სხვა გზა გამომენახა ჩემი ოცნების ასასრულებლად. ასე, დავიწყე სურათების შექმნა იმ კენჭებითა და მასალებით რომელიც სხვებს არაფერში სჭირდებოდათ, ჩემთვის კი ყველაფერი იყო. სხვათაშორის, ოცნება ყოველთვის მისრულდება“.
ელიკო ბაბოს ბავშვობის ოცნება აუსრულდა: დღეს ის 500-მდე სურათის ავტორია და მისი ნამუშევრების გულშემატკივრები სტუმრად საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან აკითხავენ. თუმცა, მისი კიდევ ერთი ოცნება ჯერჯერობით განუხორციელებელია: სურს, თავისი ერთ-ერთი ნამუშევრის, „ოცნების კოშკის“ ძეგლი თავის ქალაქს ამშვენებდეს და ის სიყვარულის სიმბოლოდ იქცეს, ადგილად სადაც შეყვარებული წყვილები ერთმანეთს შეხვდებიან ხოლმე.
რამდენიმე საათის გატარებაც საკმარისი იყო ელიკო ბაბოსთან, რომ ადვილად მივმხვდარიყავით: ნიჭიერ და თბილ ქალბატონს, მარტოობა აწუხებს:
„არავინ მყავს ამქვეყნად: არც დედმამიშვილი, არც შვილი. მხოლოდ მე და ჩემი სურათები ვცხოვრობთ ამ სახლში, მაგრამ ბედნიერი ქალი ვარ როცა ხალხის სიყვარულს ვგრძნობ და ჩემი ნამუშევრებით დაინტერესებულ სტუმრებს ვმასპინძლობ. სწორედ, ეს მაბედნიერებს ყველაზე მეტად“.
შესამჩნევია, რომ ელიკო ბაბოს ნახატებში დედა-შვილის პორტრეტები სჭარბობს...
დამშვიდობებისას, კი თავისებურად დაგვარიგა: „ მე იმის თქმა მინდოდა დღეს, რომ შეუძლებელი არაფერია. მე ხომ შევძელი გაუსაძლისი სიღარიბის მიუხედავად, გამოსავლის მოძებნა და ჩემი ოცნების ასრულება. ხოდა, ეს თქვენც შეგიძლიათ, ეს ყველას შეუძლია. მთავარია დაინახოთ ის, რასაც სხვები ვერ ხედავენ.“- გაგვიღიმა, თავისი ლამაზი მწვანე თვალები გაუბრწყინდა და თბილად გადაგვეხვია.
ელიკო ბაბო ნათელი მაგალითია იმის, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა არაფრისგან ყველაფერი შექმნას. მთავარი, გულწრფელი სურვილი და მონდომებაა. და როგორც ელიკო ბაბომ გვასწავლა, უბრალოდ უნდა დაინახო ის, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ...
ჩვენ კი იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ამბავი დასაწყისი იქნება ბევრი სხვა, კეთილი საქმის კეთების და ასოციაცია „დროას“ სახელით შევძლებთ, ბევრ ნიჭიერ ადამიანს დავეხმაროთ. მეორე მხრივ, კი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენი ორგანიზაციის თითოეულ დონორს, რომელმაც ელიკო ბაბოს მხარდაჭერა გადაწყვიტა და საკუთარი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ნიჭიერი ბებოსთვის გამართულ საქველმოქმედო აქციაში.